გრძლევადიანი პაემნების უფლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთილ პირებსაც მიეცემა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
"კანონპროექტი ითვალისწინებს ინოვაციას, რომლის მიხედვითაც გრძლევადიანი პაემნის უფლებით ის პატიმრებიც ისარგებლებენ, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მათ ოჯახთან პაემნის უფლება მიეცემთ იმ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულების განაწესს არ დაარღვევენ. ამის გამო ისინი გარკვეულ წახალისებას იმსახურებენ", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი პაემნები 2014 წლის ნაცვლად 2011 წელს დაინერგება.
"დღეისთვის სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასრულებულია ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელვადიანი პაემნებისთვის. იქ ამ პროგრამის ამოქმედება შესაძლებელი მარტიდან გახდება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს 3 თებერვალს ელოდებიან.