ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან - გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას.
„გუშინ, მე პენიტენციური სამსახურის განცხადება [გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით] მოვისმინე. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ძალიან მძიმეა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა”, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.