ბერლინი და ვაშინგტონი ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის კიევში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ამერიკელ კოლეგასთან, პიტ ჰეგსეთთან ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ ამ თემაზე ტელეფონით ვესაუბრე პიტ ჰეგსეტს და საუბრის დროს შევთავაზე, რომ გერმანიას შეეძლო ამერიკელებისგან ორი Patriot-ის სისტემის შეძენა და მათი პირდაპირ უკრაინაში მიწოდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები. Patriot-ის სისტემას, რომლის მიწოდებასაც ახლა უკრაინაში ვაპირებთ, თვეები დასჭირდება. ამიტომ, ახლა გადაწყვეტილების მიღებამდე დღეები, შესაძლოა კვირებიც კი არის წინ, თუმცა, შემდეგ ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, გერმანია აშშ-სგან საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემის, Typhon-ის შეძენასაც ცდილობს.
პისტორიუსი და ჰეგსეთი პენტაგონში მას შემდეგ შეხვდნენ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების პირობა დადო და განაცხადა, რომ თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებენ.