რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნას.
მედიის ცნობოთ, ასეთი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარებიდან, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩოი სონ ჰისთან, ვონსანში (ჩრდილოეთ კორეა) შაბათს, 12 ივლისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებმა ლავროვს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს.
საპასუხოდ, რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების კურსკის რეგიონში გაგზავნა სახელმწიფოს მეთაურის, კიმ ჩენ ინის ინიციატივა იყო და მოსკოვს „არ ჰქონდა მიზეზი, უარი ეთქვა სოლიდარობის გულწრფელ გამოხატვაზე“.
„ჩვენ იქიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელების ფორმებს თავად ჩრდილოეთ კორეა განსაზღვრავს“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან 2024 წლის 19 ივნისს ვლადიმირ პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს დადებული შეთანხმება იგულისხმა. დოკუმენტი ითვალისწინებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში.
მიმდინარე წლის აპრილში, ჯერ მოსკოვმა, შემდეგ კი ფხენიანმა, საჯაროდ დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში.
იმ დროს, სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სულ მცირე 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რომელთაგან 4 000-ზე მეტი დაიღუპა ან დაიჭრა.