ესაა უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ მიიჩნევს და დაბალ ღობედ თვლის - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას.
მისი თქმით, ბრიუსელი დაავადდა სენით, რომ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრონ დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
„პოლიციელზე წიხლით შედგომა თუ მშვიდობიანი ქცევაა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის სროლა თუ მშვიდობიანი ქცევაა, თუ პარლამენტის დაწვა მშვიდობიანი ქმედებაა, მაშინ ამ 17 ქვეყანას ერთ რაიმეს ვეტყვი, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს, რომ წიხლით შედგეს ვინმე, მოითმენენ და არ ექნებათ რეაგირება? მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, რეაგირება არ ექნებათ? მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, რეაგირება არ ექნებათ, სამწუხაროდ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს, როგორც ჩანს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის, რაც საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში. ამას აჩვენებს გამოკითხვებიც, როცა ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ეს მათი დაფინანსებული ხალხის მიერ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ საქართველოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, აგრესიული რიტორიკითა და მუქარის ტონით ესაუბრებიან სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ის ხალხი, ის სახელმწიფოები და ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელზე ქვისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მთავარია, დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირის მიმავალი გზიდან მობრუნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.