მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს უკრაინაზე რუსეთის მასობრივ თავდახმებს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს სთხოვეს განემარტა, თუ რატომ იმსახურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუბიოსთან შეხვედრას, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე რეკორდული მასშტაბის თავდასხმებს ახორციელებს.
ამაზე ბრიუსმა უპასუხა, რომ ომის დასასრულებლად, აშშ-ის პოზიციიდან გამომდინარე, აუცილებელია „ყველასთან ნებისმიერ დროს საუბარი“.
„ბევრი ფიქრობდა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს პუტინთან საერთოდ არ უნდა ესაუბრათ. ისინი სამი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ მას. ეს არ არის რაიმე სახის გაგების ან შეთანხმების მიღწევის გზა ან რაიმე ძალისხმევის გაწევა სისხლისღვრისა და ტანჯვის შესაჩერებლად“, - თქვა ბრიუსმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა დაგმო რუსული ამაზრზენი თავდასხმების ესკალაცია.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების ესკალაციას და ვუსამძიმრებთ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. ყოველ კვირას ვხედავთ ინფორმაციას რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმების მასშტაბის ახალი რეკორდების შესახებ. ყველა ქვეყანას სურს ჰქონდეს რეკორდები, მაგრამ არა ამ ტიპის“, - თქვა ბრიუსმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის მიღწეული.