"სააკაშვილს, 21-ე საუკუნის ტერორისტს არ ვურჩევ მომავალი წლის შეხვედრა სოხუმში დაგეგმოს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის მიერ გაკეთებული განცხადებებით ოს და აფხაზ სეპარატისტთა პოზიცია გაამყარა. ეს განცხადება ბორის ჩოჩიევმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას გააკეთა.
"სააკაშვილმა თავისი განცხადებებით, ჩვენი და აფხაზური დელეგაციების პოზიცია გაამყარა, საქმე იმაშია, რომ ახლახანს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების განხილვას ვახდენდით, რომელთა დროსაც მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ სააკაშვილის ამ განცხადებების არ გვჯერა და ამიტომაც მისი სიტყვების იურიდიულ გარანტიებს მოვითხოვთ", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ სეპარატისტთა ამ შეთავაზებაზე აშშ-ს, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ზედმეტია და უნდა ვენდოთ იმას რაც სააკაშვილმა განაცხადა.
"სააკაშვილი 21-ე საუკუნის ტერორისტია. თავის ახლანდელ განცხადებაში იგი აცხადებს, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა და თავის მოსახლეობას კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებს", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ სააკაშვილის ამ განცხადებების შემდეგ აშშ-ს, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები რატომღაც დუმან, მაგრამ - "თავის კითხვებს სამხრეთ ოსეთის დელეგაცია მათ მარტში აუცილებლად დაუსვამს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ შეხვედრაზე".
"მომავალ წელს სოხუმში შევხვდები - განაცხადა სააკაშვილმა, ამგვარი რამის დაგეგმვას მას არ ვურჩევ. თავის დროზე მისი მეგობარი ოქრუაშვილი ახალი წლის შეხვედრას ცხინვალში აპირებდა და ყველას კარგად ახსოვს თუ რა მოუვიდა მას თბილისის, ერთ-ერთ დაწესებულებაში და ახალ წელსაც იგი პარიზში შეხვდა და არა ცხინვალში როგორც გეგმავდა", - განაცხადა ჩოჩიევმა.