ხუთშაბათს, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ამის შესახებ The Telegraph რუსული მედიაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ „ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, მათ შორის 250 წლის წინ დამოუკიდებლობის ბრძოლის დროს, შემდეგ კი სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 160 წლის წინ დასრულდა“.
მან ასევე თქვა, რომ პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ორო ქვეყანა „დაკავშირებულია არა მხოლოდ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მოკავშირეობით, არამედ უფრო ღრმა ისტორიული ფესვებითაც“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, თუ როგორ უპასუხა თავად ტრამპმა ამ განცხადებას.
3 ივლისს, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ყურადღება გამახვილდა უკრაინაში ომზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.
კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში თავისი მიზნებისგან „უკან არ დაიხევს“, თუმცა ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების მზაობაში დაარწმუნა.
მოგვიანებით, ტრამპმაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ომის დასრულებასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი პროგრესი არ ჰქონია.