პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფისში ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 -8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება.
„პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის დასასრულის საწყისი. ყველანი უნდა ვიყოთ მხნედ, როგორც მამუკაც და ბადრიც არიან. ბევრი ვისაუბრეთ ერთად და არიან დიდი შემართებით. ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება. გვექნება გეგმა, პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა და ამის შესახებ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა ამის დრო დადგება. დღეს დრო არის ის, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ასევე ყველა პოლიტპატიმარსა და სინდისის პატიმარს სოლიდარობა. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან დღეს. აღარ გვყავდა მაგალითები და დღეს გაგვიჩნდა ახალგაზრდები და პოლიტიკოსები, როგორც მაგალითები.
მე ვაპირებ, რომ საღამოს, სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთო განცხადებები სწორედ ჩვენი პარტნიორების მიმართულებით. ეს კვირა არის ერთ-ერთი დატვირთული კვირა არამხოლოდ ირანი-ისრაელისა და და აშშ-ის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატო-ს სესია. ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის უნდა დაავიწყდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.