მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ღირებულები, როგორიცაა: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ევროკავშირის თვალსაზრისით გადახედვას არ ექვემდებარება.
"ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ და გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ არსებული ნეგატიური ტრენდი შეიცვლება, საქართველოში მიმდინარე ძალიან ღრმა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და დიალოგი, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირის წევრობით მომავალში. საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის.
ჩვენ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ საქართველოს არ მივატოვებთ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს საკითხს განიხილავენ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყოველთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი ასევე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
რაც შემიძლია, რომ ვთქვა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის და ასევე, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსის თანახმად: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დახმარებისთვის, მზად ვართ ხელშეწყობისთვის, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.
სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ხელისუფლების კეთილ ნებას, პირიქით, ვხედავთ გაუარესებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით და უკუსვლას დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას; გრძელდება თავდასხმა ევროკავშირზე, ევროკავშირი დემონიზირებულია, ევროკავშირს აბუჩად იგდებენ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ნამდვილად გულსატკენია.
ვაპირებთ, რომ ვიყოთ მომთმენი. გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა მივესალმოთ საქართველოს, როგორც ჩვენი წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაფიო კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმები ეხება ყველა კანდიდატ ქვეყანას და უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენს საერთო ღირებულებზე, როგორიცაა: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.
ევროკავშირის თვალსაზრისით ეს ღირებულებები გადახედვას არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად – როგორც, მაგალითად, ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები: უკრაინა და მოლდოვა – პირიქით, შორდება. ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის ეს ნამდვილად დასანანია. ეს გულსატკენია, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ფოტო: "ბათუმელები"