კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა მიროსლავა ღონღაძის სარჩელი, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის შეკვეთილ მკვლელობად აღიარებას ეხებოდა. ეს განცხადება დღეს ადვოკატმა ვალენტინა ტელიშენკომ გააკეთა.
მისი თქმით, პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვერ დაინახა შეკვეთა შს ექს-მინისტრის იური კრავჩენკოს ბრძანებაში. "გამომძიებელი ამტკიცებს, რომ პუკაჩი კრავჩენკოსა და გამოძიები დაუდგენელი პირების დანაშაულებრივ ბრძანებას ასრულებდა, ანუ კი არ მოქმედებდა შეკვეთის მიხედვით არამედ ამ ბრძანებას ასრულებდა", _ განაცხადა ტელიჩენკომ.
მისივე თქმით, თუკი ეს არის გენპროკურატურის მცდელობა ხელი დააფარონ შემკვეთებს, მაშინ ეს მცდელობები გამომძიებლის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება.
შეგახსენებთ, რომ Kჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს დამნაშავეებად აღიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ოფიცერი. დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი პუკაჩი 2009 წელს დააკავეს. გამოძიებას სწორედ პუკაჩმა მიუთითა ჟურნალისტის დამარხული თავის ქალის ადგილი. უკრაინული მედია წერდა, რომ აღნიშნულ საქმესთან, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ქვეყნის მაღალჩინოსნებს, მათ შორის მათაც, ვინც ამჟამად ხელისუფლებაში იმყოფება.