ჩვენ ჩვენი ბედი უდიდეს სახელმწიფოს დავუკავშირეთ და ყოველთვის თქვენი მადლობელი ვიქნებით. განაცხადა მოსკოვში მყოფმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფში მოსკოვის მერთან სერგეი სობიანინთან გამართულ შეხვედრაზე.
აღნიშნული შეხვედრის დროს სობიანინი და ბაღაფში მოსკოვსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"მოსკოვსა და აფხაზეთს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და კვლავინდებურად მოქმედებს მათ შორის ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ", _ განაცხადა დღეს მოსკოვის მერმა მერიაში ბაღაფშთან გამართული შეხვედრის დროს.
მან აღნიშნა, რომ "მოსკოვი ყოველთვის ეხმარებოდა და კვლავაც დაეხმარება აფხაზეთს და გააგრძელებს მასთან განათლების, ჯანდაცვისა და კულტურულ სფეროში ურთიერთობას", _ განაცხადა მოსკოვის მერმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში "მოსკოვის სახლი" გაიხსნება.