ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერთა სამიტში მონაწილეობის ერთი დღით ადრე დასრულება და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა.
„უნდა დავბრუნდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ვაშინგტონში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმაც გაავრცელა.
„პრეზიდენტ ტრამპს შესანიშნავი დღე ჰქონდა, დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მნიშვნელოვან სავაჭრო შეთანხმებასაც კი მოაწერა ხელი. ბევრი რამ მიღწეული იყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო პრეზიდენტი ტრამპი დღეს საღამოს, ვახშმის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება“, – წერს ლევიტი.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდა მარკო რუბიოც.
კანადაში ვიზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, 16 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან".
ტელეკომპანიები Fox News-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.