ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი მოლაპარაკებები.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა რუსეთ-ამერიკის ორმხრივ კონსულტაციებში „პაუზა აიღო“. მან არ დააკონკრეტა, როდის და სად უნდა გამართულიყო ახალი შეხვედრა:
„ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებლების“ აღმოფხვრისთვის ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა. ვიმედოვნებთ, რომ მათ მიერ დაწესებული პაუზა ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება,“ - განაცხადა ზახაროვამ.