აშშ-ის მინესოტას შტატში, მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შემდეგ, 57 წლის ვენს ბოელტერი დააკავეს, რომელიც მინესოტის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრს, დემოკრატ მელისა ჰორტმანისა და მისი მეუღლის, მარკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
დაკავება ორშაბათს ღამით, გრინ-აილში, ეჭვმიტანილის ფერმასთან ახლოს მოხდა.
კაცი ჰენეპინის ოლქის ციხეში გადაიყვანეს.
ბოელტერი ვიდეოკამერის მეშვეობთ იპოვეს, პოლიციამ ტყეში ალყაში მოაქცია, სადაც ის წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა.
კაცს ბრალი ედება მინესოტას შტატის წარმომადგენლის მელისა ჰორტმანისა და მისი მეუღლის მკვლელობაში, ასევე სენატორ ჯონ ჰოფმანისა და მისი მეუღლის დაჭრაში.
პოლიციის თქმით, ეს შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძებნის ოპერაცია იყო და 43 საათში დასრულდა.
ეჭვმიტანილის მანქანის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს პოტენციური სამიზნეების სია, რომელშიც შედიოდნენ ათობით დემოკრატი პოლიტიკოსი, მათ შორის გუბერნატორი ტიმ უოლცი, სენატორი თინა სმიტი, კონგრესმენი ილჰან ომარი და გენერალური პროკურორი კიტ ელისონი.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელის როლს ასრულებდა და მსხვერპლთა სახლში ასე შედიოდა.
57 წლის ბოელტერს ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობის ორ ეპიზოდსა და მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობის ორ ეპიზოდში.