აფხაზი სეპარატისტები ცნობილი კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, ზედმეტსახელად დედ ჰასანის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნას უარყოფენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"შს სამინისტროს ყველა ოპერატიულმა დანაყოფმა დაამუშავა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან უსოიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ასევე არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უსოიანმა აფხაზეთის საზღვარი გადალახა", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. Aშს მინისტრის მოადგილე რამინ გაბლაია.
მათივე ინფორმაციით, უსოიანის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნას უარყოფს ასევე აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამძებროს განყოფილების უფროსი რუსლან აჟიბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ სამსონია.
შეგახსენებთ, რომ ასლან უსოიანის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის გენპროკურატურაში არსებულ საგამოძიებო კომიტეტში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.