სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში, 12 ივნისს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დაიბრუნა დამცველთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც მძიმედ დაიჭრილები და მძიმედ დაავადებულები არიან.
„დღეს ჩვენი არმიის ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები სახლში არიან. ყველას სჭირდება მკურნალობა და მათ აუცილებლად გაეწევათ საჭირო დახმარება.
ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საჰაერო-სადესანტო ჯარების, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, თავდაცვის ჯარების, უსაფრთხოების სამსახურის, ასევე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.
გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ტყვეთა გათავისუფლების საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან რიგითები და სერჟანტები.
დღეს გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულად ითვლებოდა.
სახლში ბრუნდებიან დონეცკის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის მიმართულებით მებრძოლი უკრაინელები .