ოპოზიციური პარტიების გარე უფროსებიც მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, ამიტომ ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წინა არჩევნებზე „ახალი“ შემოაპარეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა.
„ლელოს“ შეცვლილი პოზიცია, რომელსაც წინასწარ ვაანონსებდით, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაპრინციპულობაზე. თვეების განმავლობაში თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია და დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სხვა გზა არ აქვთ, თუმცა „ლელოს“ არაპრინციპულობის ძალიან ბევრი მაგალითია. არ შემიძლია საზოგადოებას არ შევახსენო, როდესაც პირდაპირ ეთერში ბატონმა ელისაშვილმა ბატონი ხაზარაძე ათას უბედურებაში დაადანაშაულა და რა სიტყვებით ლანძღა, შემდეგ მიიღო დავალება და მოუწია ბატონი ელისაშვილის შემოერთება თავის პარტიაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, აქაც იგივე სცენარი ვითარდება.
„ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია ამ ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, თითქოს ვიღაც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაც არ რჩება. გარე უფროსების გათვლა სწორია, რადგან ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. წინა არჩევნებზე „ახალი“ რომ შემოაპარეს, ამასაც მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად ერთი და იგივეა. გარე უფროსები იმასაც დააკვირდებიან, რამდენად იქნება შესაძლებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე განაწილდეს. თუ ისინი ამაში დარწმუნდებიან, შეიძლება, საერთოდ აუკრძალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“ – განაცხადა ელვან მაჭავარიანმა.