7 ივნისის ღამეს, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს კამიკაძე დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით.
თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
სინეგუბოვის თქმით, მტერმა ქალაქს 53 Shahed-ის ტიპის დრონით, ოთხი მართვადი საჰაერო ბომბით და ერთი რაკეტით შეუტია. დაზარალდნენ ხარკოვის კიევისა და ოსნოვიანის რაიონები.
კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს თავს დაარტყეს.
სინეგუბოვის თქმით, ხანძარი გაჩნდა 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე. დაზიანდა სახელოსნოს ოთხი შენობა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ.
ოსნოვიანის რაიონში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა.
ხანძარმა მეშვიდე, მერვე და მეცხრე სართულებზე 12 ბინა მოიცვა – ხანძრის საერთო ფართობი 600 კვადრატული მეტრი იყო. მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია. გარდა ამისა, დაიწვა ორი ავტომანქანა.
მერის თქმით, ოსნოვიანის რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.