ვაშინგტონში პირველი ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს „მთავარი ფიგურა“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობებში.
„ჩვენ ვთანხმებით, თუ რამდენად საშინელია ეს ომი და ვეძებთ გზებს მისი დასრულებისთვის“, - განაცხადა მან ხუთშაბათს, 5 ივნისს, ოვალურ კაბინეტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
მერცმა ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე და შესთავაზა, რომ ერთად იმუშაონ უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„შეერთებული შტატები ძალიან ძლიერ პოზიციაშია, იმისათვის, რომ რამე გააკეთოს და ეს ომი დაასრულოს“, - განმარტა მან.
„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია“, - დასძინა მერცმა.
ამავდროულად, მან ნათლად განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორი და ომის ინიციატორია.
„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ გერმანია და ევროკავშირი კიევის გაძლიერებას ცდილობენ.
თავის მხრივ, ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მკაფიო განცხადება არ გააკეთა.
თეთრ სახლში გერმანიის კანცლერის მიღებისას მან დადებითად ისაუბრა გერმანიის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდაზე.
„ვიცი, რომ ახლა თავდაცვაზე მეტ ფულს ხარჯავთ, გაცილებით მეტ ფულს და ეს დადებითი მომენტია“, - თქვა მან.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები არ გამორიცხა.
მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ის მკაცრ პოზიციას დაიკავებს და ეს ორივე მხარეს ეხება.
ამასთან ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინს მთელი უკრაინის მიტაცება სურს, მაგრამ „ეს არ მოხდება“.
ტრამპმა ასევე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან ამერიკულ ჯარს არ გაიყვანენ.
მან მერცს „გერმანიის დიდი კანცლერი“ უწოდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო სატელეფონო საუბრისას პუტინს სთხოვა, არ მიიღოს საპასუხო ზომები რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას „სხვა არჩევანი არ აქვს“.