დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს სპეციალური რაკეტების დეტონატორების ნაწილს, რომელსაც უკრაინა რუსული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს და რომლებიც მტრის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვან ტექნოლოგიას წარმოადგენს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასულ კვირას პენტაგონმა აცნობა კონგრესს, რომ ამიერიდან ეს დეტონატორები ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ დანაყოფებთან გადამისამართდება. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს პენტაგონმა აცნობა, რომ დეტონატორების საჭიროება ამერიკელი სამხედროებისთვის „დაუყოვნებლივ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის მდივანმა გამოავლინა“.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული დეტონატორები მაღალი სიზუსტის სისტემებისთვის არის განკუთვნილი. აშშ-მა ეს ტექნოლოგია უკრაინას რამდენიმე წლის წინ მიაწოდა და უკრაინელები მას „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო სისტემებში იყენებდნენ რუსული დრონებისგან თავის დასაცავად, პენტაგონი კი მათ ეფექტურობას მაღალ შეფასებას აძლევდა. სამხედრო-საჰაერო ძალებმა რაკეტებისთვის მათი ადაპტირება ისე განახორციელეს, რომ მათი გაშვება F-16-ისა და F-15E-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების საშუალებით გახდა შესაძლებელი და ეს სისტემა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტები – Sidewinder-ი და AMRAAM-ი.