გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება აბსურდულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თავად ის, რომ ბრიუსელი ულტიმატუმების ენით საუბრობს, აჩვენებს, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად აცდენილია, გარკვეულწილად, ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს. ვხედავთ, თუნდაც ეს განცხადება, რომ ჩავუფიქრდეთ მის შინაარსს, რამდენად აბსურდულია. ევროკავშირის კომისარი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში თუკი საქართველო არ იქნება რაღაც ტემპებით, იქნება სანქციები. დაგვსჯიან იმ შემთხვევაში, თუკი ის ტემპი არ იქნება მათთვის მოსაწონი, პროცესი არ იქნება მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების. ეუბნებიან ქართველ ხალხს, თუ თქვენ არ მოიქცევით ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, ამისთვის დაგსჯითო. ეუბნებიან სუვერენული სახელმწიფოს სუვერენულ მოქალაქეებს, ეუბნებიან თუნდაც ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვწევრიანდებოდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიმე სხვა ორგანიზაციაში და გვეუბნებოდნენ, თქვენ თუ ისე არ მოიქეცით, დაგსჯით ამის გამო, სანქციებს დაგიწესებთო. ეს ხომ აბსურდია. გამოდის, რომ ვინმე გვიპყრობს თუ რა ხდება? ამით ხომ თავადვე უზრუნველყოფენ იმ შედეგებს, რაც დღეს ვნახეთ „ევრობარომეტრის“ კვლევაში. საქართველოს მოსახლეობის ნდობა ნახევარზე დაბალია ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ. ჩვენი მოსახლეობა უყურებს, ქვეყანა, რომელიც არის საბჭოთაკაშირგამოვლილი, უყურებს, რომ ბრიუსელში ზოგიერთი დღეს ცდილობს, ჩაანაცვლოს მოსკოვი. როგორც იქიდან იყო მითითებები – რევიზორების ჩამოსვლა, თითის ქნევა, იმავე ტონით გვესაუბრებიან იგივე ხალხი. შეგახსენებთ, რომ რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის თანამებრძოლი იყო. ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუკი არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დასჯიან ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას. ასეთ აბსურდამდეა მისული, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.