ნიდერლანდები, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინას გამანადგურებლების პარტია გადასცა, კიდევ 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. პაკეტი, კერძოდ, სამხედრო გემებს, ნავებსა და საზღვაო დრონებს მოიცავს.
ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ვაცხადებ [უკრაინისთვის] საზღვაო უსაფრთხოების სფეროში 400 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტს. იგი მოიცავს 100-ზე მეტ გემს, საპატრულო კატარღებს, სატრანსპორტო კატარღებს, ჩამჭრელებს და სპეციალური ოპერაციების გემებს. ანუ 100-ზე მეტი გემის ფართო სპექტრი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინა ასევე მიიღებს 50-ზე მეტ საზღვაო დრონს, ასევე სხვა შეიარაღების სისტემებსა და სამხედრო მასალებს. ასევე პაკეტის ნაწილი უკრაინელი სპეციალისტების სასწავლო პროგრამების დაფინანსებაა.
„ეს არის სრული პაკეტი უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული საფრთხეები, როგორც შავ ზღვაში, ასევე ხერსონის გარშემო, იზრდება. უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი დაიცვას ამისგან“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.