გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, პოსტი დატოვა და ახალი თანამდებობის დასაკავებლად ემზადება.
შალვა პაპუაშვილმა გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
პაპუაშვილის განცხადებით, გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა.
"გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას.
შეგახსენებთ, 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი, სამ სხვა ქართველ მაღალჩინოსანთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციების გლობალურ სიაში შეიყვანა.