წულუკიანის კომისაზე გამოუცხადებლობის საქმე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო. არსებითი განხილვის სხდომა 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
პროცესის გადადების მიზეზი, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გვარამიას ადვოკატს, ქეთი ჩომახაშვილს განუცხადა, რომ მომდევნო სხდომაზე შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ გვარამიას გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით.
ქეთი ჩომახაშვილის განცხადებით, გვარამია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება და ამიტომ ვერ გამოცხადდა პროცესზე.
ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.