გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ პოტენციურ სანქციებს განიხილავს, რომელიც სენატორმა მოამზადა.
ამის შესახებ ვადეფულმა ტელეარხ ZDF-ს განუცხადა.
ვადეფულმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 2 ივნისს, ის ბერლინში შეხვდება ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემს, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი მოამზადა.
„[აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან] მარკო რუბიოსთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, მოველი, რომ ეს პაკეტი მომავალ კვირას აშშ-ის სენატშიც განიხილება და მისი განხორციელებისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა, 80 თანაავტორთან ერთად, წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ეკონომიკურ სანქციებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი გადასახადის შემოღებას იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.