პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახნად, საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
საარჩევნო უბნებიდან მონაცემების 100%-ის დამუშავების შედეგების მიხედვით, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორმა, კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმების 50,89% მიიღო და პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
მისმა ოპონენტმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 49,11% მიიღო.
ეგზიტპოლის მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ტშასკოვსკის მინიმალური უპირატესობა ჰქონდა ხმების 50.3%-ით.
გდანსკის მკვიდრი კაროლ ნავროცკი პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტია.
რუსული მედიის ცნობით, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურების ბრალდებით რუსეთში ნავროცკი ძებნილია სისხლის სამართლის საქმეზე.
ამასთან, ნავროცკი დონალდ ტრამპისა და მისი მოძრაობის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მხარდამჭერია.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.