უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის აეროდრომებზე 40-ზე მეტი სტრატეგიული თვითმფრინავის განადგურების ოპერაციას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარდა, ბრწყინვალე შედეგი უწოდა, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ამ ოპერაციის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში მოისმინა.
„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტიან განხორციელებამდე ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე. ჩვენი ყველაზე შორი დისტანციის ოპერაცია. ჩვენი ხალხი, რომელიც ოპერაციას ამზადებდა, რუსეთის ტერიტორიიდან დროულად გაიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის და ასევე დაავალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს ოპერაციის დეტალები და შედეგები, რომელთა საჯაროდ გამოქვეყნებაც შესაძლებელია.
„რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს უკრაინის ქმედებები აუცილებლად ჩაიწერება ისტორიის სახელმძღვანელოებში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციაში სულ 117 დრონი იყო გამოყენებული და ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ რეგიონში, ეფ-ეს-ბეს“ ერთ-ერთი განყოფილების გვერდით მდებარეობდა.
„ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - ის არის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ გვერდით, მათ ერთ-ერთ რეგიონში. ოპერაციაში სულ 117 დრონი იყო ჩართული. და დრონების ოპერატორების შესაბამისი რაოდენობა მუშაობდა.
სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გადამზიდების 34 პროცენტი მათ ბაზაზე განლაგებული აეროდრომების ტერიტორიაზე განადგურდა. ჩვენი თანამშრომლები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში - დროის სამ სარტყელში მოქმედებდნენ. და ჩვენი ხალხი ოპერაციის წინა დღეს რუსეთის ტერიტორიიდან გაიყვანეს, ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან - ისინი, ვინც დაგვეხმარნენ. მართლაც სასიამოვნოა, როდესაც ერთი წლისა და ექვსი თვის წინ დაწყებული რაღაცები მუშაობს და რუსებს სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტ ერთეულს ართმევს. ამ საქმეს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. განადგურდა 41 ბომბდამშენი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხუთ სამხედრო აეროდრომზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე.