კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ "საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველოს კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ", ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. "მაუწყებლობის შესახებ" და "გრანტების შესახებ" ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში," - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს.
„ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში მიღებულ დასკვნებში დაადგინა, რომ მოქმედების ამგვარმა კურსმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას საფრთხე შეუქმნა. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი, თუ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.