სეპარატისტულ აფხაზეთში ჩასულმა რუსმა რკინიგზელებმა სოფელ ვესიოლოედან (მდ ფსოუ) - სოხუმამდე არსებული 130 კილომეტრიანი სარკინიგზო ლიანდაგი სამი თვის განმავლობაში უნდა აღადგინონ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები თებერვალში დაიწყება.
"აფხაზეთში უკვე გამოგზავნილი სპეციალური მოძრავი შემადგენლობის 600 ერთეული ტექნიკა. აფხაზეთში სამუშაოდ გამოგზავნილია რუსული კომპანიის 500 მუშა.", _ იუწყება აფხაზური მხარე.
სეპარატისტულ აფხაზეთში რუს რკინიგზელთა ორი სარემონტო ბრიგადა უკვე ჩავიდა. სულ მდ. ფსოუდან-ოჩამჩირემდე რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას 800 მდე ადამიანი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებთან ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებს გამოეყოფათ საექსპორტო კრედიტი 2 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობით რკინიგზის აღსადგენად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან კრისტინა ოზგანთან და ე.წ. აფხაზური რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელთან გურამ გუბაზთან ერთად რამდენიმე ობიექტის ინსპექცია ჩაატარა. ობიექტები ღია სააქციო საზოგადოება "რუსული რკინიგზას"-თან თანამშრომლობის მზადყოფნაზე შემოწმდნენ.