"სახელმწიფო მდივნის პასუხიდან, დღეს რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ აშშ-ს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქაღთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჯო უილსონი რას ემსახურება და რას ემსახურება ის განცხადებები, რასაც ჯო უილსონი აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით იმ სიხშირით, რა სიხშირითაც სჭირდება ქართველი აქტივისტების სიცოცხლეს. ეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი არსებობდეს. სხვ რესურსი დღეს ქართულ ოპოზიციას არ აქვს. სხვა რესურსი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. რეალურად, დარჩენილები არიან ჯო უილსონის და მსგავსი საგარეო აქტორების იმედად, რათა გააკეთონ რაღაც განცხადებები, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ საშინაო დღის წესრიგში, ქვეყნის შიგნით პოლიტიკის საკეთებლად, ამას პოლიტიკა თუ შეიძლება ვუწოდოთ საერთოდ. კიდევ ერთხელ, სახელმწიფო მდივნის პასუხიდან, დღეს რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ აშშ-ს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს მთავრობას ანტიამერიკული უწოდა. "[უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა მარკო რუბიომ.