სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, -ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ კომენტარზე.
„კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე რა თქმა უნდა როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს მთავრობას ანტიამერიკული უწოდა. "[უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა მარკო რუბიომ.