„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მეორე დღეა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ისინი მაღალი დონის შეხვედრებს ატარებენ კონგრესმენებთან და სენატორებთან.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციამ შეხვედრა გამართა კონგრესმენ სტივ კოენთან - საქართველოს დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერთან და MEGOBARI აქტის ერთ-ერთ წამყვან თანასპონსორთან
„გარდა კონგრესმენ სტივ კოენთან შეხვედრისა წარმომადგენლობით პალატაში, ჩვენ ასევე დღეს გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა სენატში კონგრესის ზედა პალატაში იმისთვის, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს და ამას ჩვენ ხელი შევუწყოთ მეგობარი აქტის მისაღებად უკვე სენატში, რის შემდეგაც მეგობარი აქტი გადაეცემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად, რომელსაც ის აუცილებლად მოაწერს და ამით შევა ის ძალაში და ამოქმედდება პერსონალური სანქციები როგორც ივანიშვილზე, ისე მის ხელშემწყობებზე. ნაცვლად იმისა, რომ მეგობარი აქტი იყოს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მივიღოთ უამრავი სიკეთე, აშშ-ს უწევს პერსონალური სანქციების გამოყენება ივანიშვილის და რუსეთის გავლენების გამავრცელებლებისთვის საქართველოში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავასრულოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დავასრულებთ კიდეც და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, პროდასავლური, პროამერიკული, პროევროპული განვითარების გზას და მას შემდეგ აქ ყველგან, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ევროკავშირის ნებისმიერ უწყებაში, საქართველოსთვის ყველა გზა ღია იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული, წარმატებული თავისუფალი სამყაროს ამაყი და სრულფასოვანი წევრი.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.