უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც თითქმის მზადაა ხელმოსაწერად, არ დააზარალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის ვალდებულებებს.
შმიჰალმა აღნიშნა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფორმატი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გეგმებსა და ვალდებულებებს.
„ეს შეთანხმება არანაირად არ კვეთს, არანაირად არ აზიანებს და არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენს ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ასოცირების შეთანხმებითა და კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებები“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მან დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ შეთანხმებას შესაძლოა მომდევნო 24 საათში მოეწეროს ხელი და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე იმყოფება ვაშინგტონში.