საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ელჩები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ.
„ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. წინააღმდეგობის პლატფორმა შეხვდა ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, ელჩებს და თავად ევროკავშირის ელჩი ესწრებოდა. ეს იყო წარდგენითი შეხვედრა. მათ იცოდნენ ამ პლატფორმის შესახებ, თუმც ეს იყო პირველი ასეთი ერთობლივი შეხვედრა, სადაც წარვადგინეთ ჩვენი მუშაობის ფორმატი, პროცედურები, ასევე ვინ მონაწილეობდა ამ პლატფორმაში, როგორ იყო ეს ღია პლატფორმა. მზად ვართ, ყველა ახალჩამოყალიბებული პარტია მივიღოთ, თუკი დაეთანხმებიან ამ პლატფორმის წესებს. ასევე, წარვადგინეთ, რომ ეს პლატფორმა კოორდინაციაში მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, რომლებიც თვითონ არიან ორგანიზებული. ეს ეხება ბიზნესის სექტორს, კულტურის სექტორს, არასამთავრობოებს თუ კიდევ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არიან ორგანიზებული თავიანთი ჯგუფებით. ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ვცდილობთ პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბებას და გვაქვს ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა.
ჩვენ თუ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, რომ საპარლამენტო არჩევნები უთუოდ დაინიშნება, მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ არჩევნებისთვის. ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და რომელზედაც ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ. თუმცა, ასევე, მზად უნდა ვიყოთ არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ ამის მზადებაა. ჩვენ ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს და ეს ყველამ იცის. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, მათი გამოცდილებაა, რომ კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება რთულია. ჩვენ წინსწრებით ამას ვამზადებთ, ეს არის ნიშანი, თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ მომავალს. ძალიან ბევრი ნიშანია, რომ რყევები არსებობს თვით მმართველ ძალაში და ეს გვაძლევს დიდ იმედს, რომ ჩვენ მივდივართ გზით, რომელიც მიგვიყვანს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
ასევე იყო დისკუსია ჩვენ მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან, როგორია და როდის ჩამოყალიბდება ერთობლივი პოზიცია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ თვით ევროკავშირში არის სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პოზიცია. თუმცა ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ, რაც დღეს ხდება საქართველოში. ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო კრიზისი, არა მხოლოდ კრიზისი, რომელიც გამომდინარეობს 28 ნოემბრის შემდეგ პრემიერის მიერ გამოცხადებული ახალი პოლიტიკით, არამედ სისტემატური განადგურება ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის და თვით სახელმწიფოსი. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად აღქმული ევროკავშირის პარტნიორებისგან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, იქნება მათთან მუდმივ კავშირში ჩვენი ახალი პოზიციების გასაზიარებლად. ასევე, როგორც კი და როცა საჭირო იქნება, ჩვენ ამ ფორმატში ისევ შევხვდებით მათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.