უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის მუშაობა საათში 160 კმ-მდე სიჩქარით აღდგა.
„Starlink-ის მუშაობა საათში 160 კმ-მდე სიჩქარით აღდგა. დამრტყმელმა დრონებმა და დრონების ჩამჭერლებმა კვლავ უნდა შეძლონ აფრენა.
ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვა საერთოდ მოიხსნას“, - დაწერა ფედოროვმა სოციალურ ქსელ X-ში. მან ილონ მასკს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამოცემა „სუსპილნეს“ განუცხადეს, რომ SpaceX Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვებს კვლავ ინარჩუნებს იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილების სიჩქარე საათში 161 კმ-ს აღწევს.
უწყების ცნობით, დღის განმავლობაში ფაქტობრივი შეზღუდვები მნიშვნელოვნად უფრო მკაცრი იყო, თუმცა ამჟამად საათში 160 კმ-მდე სიჩქარეზე კავშირის ხარისხი გაუმჯობესებულია.
თავდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს, რათა მომსახურების მიწოდების სტაბილური პირობები უზრუნველყოს.
თავის მხრივ, ილონ მასკმა ფედოროვის პოსტზე კომენტარში განაცხადა, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ აქვს. მისი თქმით, სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის, ხოლო მათი გამოყენების წესებს ამერიკელი სამხედროები და პრეზიდენტი განსაზღვრავენ.