სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, 5 ნოემბერს ლვოვში უკრაინასთან მორიგი სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებები გაიმართება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ფიცოს თქმით, სლოვაკეთის მთავრობა ოთხივე მიმართულებით ატარებს პოლიტიკას და პარალელურად რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვისაც ემზადება.
„რაიმე მოულოდნელობა რომ არ იყოს, 25-ში რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც გაიმართება“, - განაცხადა ფიცომ ოთხშაბათს, ევროპულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
რუსეთთან ამ კომისიის მოლაპარაკებების განახლების გეგმების შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა ჯერ კიდევ ზაფხულში ისაუბრა.
ფიცოს მოახლოებული მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. თუმცა, აგვისტოში ბლანარმა განაცხადა, რომ რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ ვალერი ფალკოვთან, რომელიც ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი, მოსამზადებელი ონლაინშეხვედრა გამართა.