აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის მიზანი მსოფლიოში რეკორდულად გაზრდილი საზღვაო სატვირთო გადაზიდვების ტარიფების შემცირებაა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სანქციების ქვეშ მყოფი გემებისთვის ისეთი ნავთობის გადაზიდვის ნებართვის გაცემას ეხება, რომელზეც აშშ-ის შეზღუდვები არ ვრცელდება. საუბარია ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც სანქცირებული არ არის, და არა რუსეთისა თუ ირანის სანქცირებულ ნავთობზე.
წყაროს ცნობით, ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი სპარსეთის ყურის რეგიონიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის გაზრდაა.
თუ გადაწყვეტილება მიიღეს, კომპანიებს, რომლებსაც ასეთი ტანკერების გამოყენება სურთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში სპეციალური ინდივიდუალური ლიცენზიების მიღება მოუწევთ.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრის რაითმა ერ-რიადში გამართულ მსოფლიო ნავთობის კონგრესზე ვიდეომიმართვისას დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვების ტარიფების მკვეთრმა ზრდამ აშშ-ის ნედლი ნავთობის მიმართ მოთხოვნაზეც უარყოფითად იმოქმედა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი გადაწყვეტილება არ იქნება მიმართული რუსეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობისკენ.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება რუსეთს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში ვერ დაეხმარება.