უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობაზე შეზღუდვები დაწესების შესახებ, დიდი შეცდომაა, რომელსაც შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლოს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, Starlink-ის მუშაობის სიჩქარე უკრაინაში მცირდება, რაც მასკის კომპანიის გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„ჩვენ გვესმის, რა ხდება. ეს მათი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა და ბევრი ადამიანი იღუპება. ადამიანები დაიღუპებიან, თუ თავდასხმები გაგრძელდება და Starlink არ იმუშავებს. ჩემი გზავნილია: ეს დიდი შეცდომაა - შესაძლოა, დიდი ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ ის კვლავ ჩართონ. ეს კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის მოძრავი Starlink-ის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. ამჟამად შეზღუდვა StarShield-ის სამხედრო პაკეტს ეხება და სიჩქარის მაქსიმალურ ზღვარს საათში 100 მილით განსაზღვრავს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები პარასკევს, ფლორიდაში, უკრაინის დელეგაციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტასთან დაკაბშირებით აფრთხილებდნენ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო. თავად ტრამპმა 13 ოქტომბერს უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეწყდა.