აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას და შესაბამისად, პასუხისმგებელია სისხლისღვრაზე.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მარტივია. არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ ამ ხოცვა-ჟლეტას და მათი ქმედებები მის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის. მესამე ქვეყნები, ისეთი როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ახანგრძლივებენ რუსეთ-უკრაინის ომს და ისინი არიან პასუხისმგებელი ამაზე,“ - განაცხადა ტემი ბრიუსმა.
ბრიუსმა აღნიშნა, რომ აშშ „შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის ომში პირდაპირი ჩართულობით“.
„ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩრდილოეთ კოერეისთვის სანაცვლოდ გაწეული ნებისმიერი მხარდაჭერა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ბრიუსმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების წვრთნა პირდაპირ არღვევს უსაფრთხოების საბჭოს რიგ რეზოლუციებს, რომლებიც ერთად „აწესებენ ფართო აკრძალვას ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკაში სამხედრო წვრთნების ან დახმარების გაწევაზე ან მიღებაზე“.