სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე ამბობს, რომ, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიზანი, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა იყო.
"დილით დაახლოებით 9-ის წუთები იყო, კარზე ბრახუნით [მოვიდნენ], მეგონა, რომ მეზობელი აკაკუნებდა, ბავშვთან ერთად ვიყავი, 7 წლის არის, ეძინა, რომ გამოიღვიძა ავდექი და ვკითხე ვინ იყო კართან, მითხრეს, რომ მეზობელი ვარო. გავიხედე და ჩანდა, რომ 4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები ჩართული და მივხვდი, რომ არ იყვნენ მეზობლები. რომ ვუთხარი ვინ ხართ-თქო, მითხრეს, რომ პროკურატურიდან ვართ, ჩხრეკის უფლება გვაქვს და გაგვიღეთ კარიო. დავურეკე ადვოკატს, რომელმაც ვერ მიპასუხა იმ მომენტში და მითხრეს, რომ სასწრაფოდ გაგვიღეთ კარი, ვერ დაველოდებით ადვოკატს, თორემ შეგვიძლია ძალით გავაღოთო. შემოვუშვი და ჩამომართვეს მაშინვე ტელეფონი, რის შემდეგაც სიტუაცია განეიტრალდა, დაწყნარდა, ტონიც შეიცვალა. შემდგომ დაიწყეს ჩხრეკა.
მითხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საბოტაჟის მუხლით, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების ნაწილი ახსენეს და ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ მითხრეს, რაც კამერა გავთიშე. ასევე, ახსენეს მოძრაობა სირცხვილიასთან კავშირი. მითხრეს, რომ 1 აპრილიდან არის ეს განჩინება და ვადა არის 1 აპრილიდან დღემდე. ოღონდ მოძრაობა სირცხვილია ნოემბრიდან გაჩერებულია, არც ფინანსური და არც სხვა ტიპის აქტივობა არ უფიქსირდება. როგორც ვხვდები, ეს მასობრივი შევარდნა არის მასშტაბის ჩვენება და დაშინების მცდელობაა. მიზანი იყო ჩემი ტელეფონის ამოღება".- თქვა ბაჯელიძემ რადიო თავისუფლების ლაივში.
შეგახსენებთ, “ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლებში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.
ჩხრეკაზე მივიდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.
ფოტო: რადიო თავისუფლება