ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოიყენებს ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რათა მოუწოდოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, არ აიძულოს უკრაინა დაეთანხმოს „სამშვიდობო შეთანხმებას“ მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროების თქმით, რუტე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან.
ნატო-ს გენერალური მდივანი შეეცდება დაარწმუნოს ისინი, რომ „სამშვიდობო შეთანხმება“ ვერ დაიდება უკრაინის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რაც მხოლოდ რუსეთის გაძლიერებას გამოიწვევს.
ის ასევე ხაზს გაუსვამს იმას, რომ უკრაინას თუ თავს მოახვევენ „სამშვიდობო დარეგულირებას“, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვს აწყობს, მაშინ საფრთხის ქვეშ მთელი ევროპის უსაფრთხოება აღმოჩნდება.
ამასთან, ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, არაა გამორიცხული, ამის გამო ჩაიშალოს ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს არის დაგეგმილი.