ვერცერთი ცალკეული პირის ასეთი ტიპის ვიზიტი ამ არალეგიტიმური ძალისთვის გარედან ლეგიტიმაციის მინიჭებას ვერ მოახდენს, - ასე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტს.
ნებისმიერი ასეთი ვიზიტი, პირველ რიგში, არის ქვეყნის მხარდაჭერა. როცა იმაზეა საუბარი, რომ სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ეს მათი მხრიდანაც იმის აღიარებაა, რომ საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ყველას ადარდებს. საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა კი ვერანაირად ვერ მოხდება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და იქამდე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე.
შეიძლება, ქართული ოცნება ცდილობდეს, ეს ვიზიტი ისე წარმოაჩინოს, როგორც ლეგიტიმაციის ნიშანწყალი. მაგრამ, ცხადია, ეს ასე არაა, ვინაიდან, ვერცერთი ცალკეული პირის ასეთი ტიპის ვიზიტი ამ არალეგიტიმური ძალისთვის გარედან ლეგიტიმაციის მინიჭებას ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ ქართული ოცნებისთვის ძალიან მძიმე საერთაშორისო კონტექსტი არსებობს. ჩვენი პარტნიორების ამ პოზიციას ლეგიტიმაციის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ერთადერთი მთავარი რამ იწვევს - რომ, ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან არ აქვს.
სინირლიოღლუმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.