სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
"16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა." - წერს ორგანიზაცია.
მათივე ცნობით, აფგან სადიგოვს ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს ეწურებოდა, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა, რომ სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიემართა.
'სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს - პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს." - წერია განცხადებაში.
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.