უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტამდე შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეამსუბუქებს და მასთან რაიმე ორმხრივ შეთანხმებას არ გააფორმებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„არ იქნება მოლაპარაკებები, გადაწყვეტილებები, შეთანხმებები, ვიდრე ეს ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება“, - განუცხადა ბრიუსმა ჟურნალისტებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული სარაკეტო დარტყმა სუმზე, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ უფრო აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, თუ „ვის უნდა რეალურად მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა“.
ბრიუსმა უკრაინაში ომს "ხორცსაკეპი" უწოდა, რომელშიც "არაფერი შეცვლილა".
15 აპრილს The Wall Street Journal (WSJ) წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა დონალდ ტრამპს ურჩიეს უფრო ფრთხილად მოეკიდოს რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის "დიპლომატიურ ზრახვებს" .
როგორც WSJ აღნიშნავს, შეშფოთება წარმოიშვა თეთრ სახლში დებატების დროს იმის შესახებ, უნდა გაამკაცროს თუ არა შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა აიძულოს იგი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდეს.
WSJ წერს, რომ რუბიომ და კელოგმა ტრამპს ურჩიეს, სიფრთხილე გამოიჩინოს პუტინთან ურთიერთობაში და უფრო მკაცრი ხაზი გაატაროს, განსაკუთრებით მოსკოვის მოთხოვნებისადმი კიევის მიმართ ტერიტორიული დათმობების შესახებ.