ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები საქართველოში დემოკრატიის განადგურების, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ ბრიტანეთის მხრიდან, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით.
“არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში და როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს არის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები არიან, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერც მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან და ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს სანქციებისგან გვერდის ავლაში, ისინიც იქნებიან დასანქიცრებულები. ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპაში ხედავენ, რომ ეს ადამიანები აპირებენ საქართველოში რუსული დიქტატურის გამყარებას.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალური პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს სანქციები დაუწესა.