კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბრიტანეთის შავ სიაში „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც მოხვდებიან.
„აქვთ ასევე სხვა სიებიც. ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა ყოველთვის ბრიტანეთის მთავრობასთან, პოლიტიკოსებთან. შეხვედრები იყო მათთან. ეს არის გზა, ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი დგამს ეტაპობრივად. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, რომ ერთიანად დაესანქცირებინა მოძალადე რეჟიმის ყველა წარმომადგენელი. ნელ-ნელა ბრიტანეთი ცდილობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა აიძულოს, წავიდეს დიალოგზე, დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები". - განიცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდათ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალური პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს.