ცხინვალის კრიმინალური რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არხის პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
სეპარატისტების განსაკუთრებულ წყენას იწვევს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა "სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა გამოთქმა "რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები".
"ახლახან იგი ევროპარლამენტში გამოდიოდა და უარს აცხადებდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებაზე, ახლა კი აცხადებს, რომ "ომი დამთავრებული არ არის", _ ნათქვამია ოსი სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართველი ხელმძღვანელის სინდისზე ვტოვებთ შეურაცხმყოფელ ტონსა და გამოხტომებს რუსეთთან მიმართებაში და კვლავ გვიწევს სრულიად უსაფუძვლო გამონათქვამზე ყურადღების გამახვილება "რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების" შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია აღიარებული სახელმწიფოა და იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს, როგორც "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ვერ ისვენებს".
"მიხეილ სააკაშვილი ვერა და ვერ ისვენებს, თუმცა ცხადია, რომ ყველა მისი კრუნჩხვითი მოქმედება მიმართულია ახალი გამაღიზიანებლების ძიებაზე, მაგრამ ისინი არ შეესაბამება ქართველი ხალხის რეალურ ინტერესებს და მხოლოდ დამატებით პრობლემებამდე შეიძლება მივიდეს", _ ნათქვამია განცხადებაში.