რუსთაველის გამზირზე მათთვის ხელის შეშლა, ვისაც სურს, მივიდეს და პატივი მიაგოს 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის როდიონოვობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი, ეს ვიხილეთ გუშინ. ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით ჩეხავდნენ, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალების წაქეზებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.