„ქართული ოცნების“ წევრის ნინო წილოსანის თქმით, 9 აპრილის მოვლენებზე ხელისუფლების განცხადებების შეფასება ოპონენტების მხრიდან, დემაგოგიაა.
წილოსანმა ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპონენტების და, მათ შორის, პროტესტის მონაწილეთა განცხადებებს, რომლებმაც სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში ხელისუფლება დაადანაშაულეს და თქვეს, რომ 9 აპრილის მოვლენებზე ხელისუფლების განცხადებები არაადეკვატური იყო, ნახსენები არ იყო რუსეთი, რუსეთის საბჭოთა ძალები და ოკუპაცია, წილოსანმა თქვა, რომ ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ცალ ფეხზე დაეყენებინათ ერი.
„ვუსმენდი ჩემს წინა რესპოდენტს, თაზო დათუნაშვილს, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე მისნაირ ადამიანებს, მაგრამ ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამხელა დემაგოგია და რამხელა სარკაზმი უნდა გქონდეს, რომ პირდაპირ ემსახურებოდე რუსულ საქმეს, აკეთებდე ოკუპანტის საქმეს ამ ქვეყანაში და, მათ შორის, იყო იმ პარტიაში, რომლის ლიდერებიც, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას ვუყურებთ და „ნაცების“ რეჟიმიდან მოყოლებული, აკეთებდნენ ყველაზე დიდ ბოროტებას, როგორც გამოჩნდა და აღმოჩნდა. ამ ადამიანის პარტიის ლიდერები დადიოდნენ და სხვადასხვა ევროინსტიტუციას ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი და შეეჩერებინათ ვიზალიბერალიზაცია. ეს ადამიანი, მისი პარტია და ყველა იქ მდგომი, ვინც რაღაც კრებსითად მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელია, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ცალ ფეხზე დაეყენებინათ ერი და თურმე მისი გასაკრიტიკებელია ირაკლი კობახიძე, რომელმაც გადადო თავი თავისი ქვეყნისთვის და როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველაზე უმძიმეს დროს დაიცვა თავისი ხალხი. ამ ბატონს და მისი ასაკის თუ უფრო ახალგაზრდა ბიჭებს, ომში რომ არ იბრძვიან დღეს და უკრაინის მსგავსად განადგურებული რომ არ არის ქვეყნის გენოფონდი, მადლობას რომ უნდა ეუბნებოდნენ ირაკლი კობახიძეს და ჩემს თანაპარტიელებს, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და თითოეული ჩვენგანით დასრულებული, ყოფნით სითავხედე და ამ დემაგოგიას ეწევიან“, – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებაში გაკეთებული იყო ძალიან სწორი აქცენტი და ზუსტად ამ ხაზის დასანახად იყო აუცილებელი, რომ იქ უცხო ძალა ყოფილიყო ნახსენები.
„იმ შემთხვევაში როგორც რუსეთი იყო უცხო ძალა და თავის ინტერესს ატარებდა ამ ქვეყანაში ყველაზე უმძიმესი ფორმებით, ადამიანების გაჟლეტვით და იმ მძიმე ფორმებით, ასევე, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არიან უცხოური პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი აგენტურის მეშვეობით ახორციელებენ იმ დავალებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.